წიგნიერების დონის გაზრდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლაში – პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას, მისადმი ინტერესის გაზრდას, წიგნის როლის ზრდისთვის ხელშეწყობას, სიყვარულის გაღვივებას და განცდას, რომ წიგნი ცხოვრებას გვასწავლის.
ალბათ თითოეული მასწავლებელი ზრუნავს იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესოს სასწავლო გარემო, სასწავლო პროცესი გახადოს იმაზე უკეთესი ვიდრე არის. აქედან გამომდინარე, დიდი სურვილი მაქვს ჩავერთო ამ პროექტში და სასწავლო პროცესი გავხადო შინაარსიანი და ნაყოფიერი, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს დამატებითი აქტივობები შევთავაზოთ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას „სულაკაურის გამომცემლობის“ პროექტ „ყველაზე წიგნიერში“ , რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს კითხვის პოპულარიზაციას სკოლებში. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ აღმოაჩინონ წიგნებთან დაკავშირებული საინტერესო კონკურსები, ღონისძიებები და სიახლეები. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ამ პროექტმა მოსწავლე დაუბრუნა წიგნს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეთა ნაწილი ყიდულობს წიგნებს, ნაწილს ბიბლიოთეკიდან გამოაქვს, მაგრამ ძალიან ხშირად ვერ შოულობენ წიგნს, უსახსრობის გამო კი ბევრს ყიდვა უჭირს, ჩემი მიზანია შევქმნა სასკოლო-საკლასო ბიბლიოთეკა, სადაც მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი იქნება მათი ასაკისთვის (12-15 წელი) შესაფერისი წიგნები და ეს პრობლემა მოეხსნებათ. თქვენი მხარდაჭერით კი შევძლებთ ახალი, თანამედროვე და საინტერესო მხატვრული ლიტერატურის შეძენას. შემდეგ კი ასევე, გარდა კონკურსებში მონაწილეობის მიღებისა, ჩამოვაყალიბებთ მკითხველთა კლუბს და მოვაწყობთ წაკითხული წიგნების განხილვებს.
მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი პრობლემაა. ეს საკითხი, კაცობრიობისთვის უაღრესად მტკივნეული და ამაღელვებელია, საქართველოში კი განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია. ტექნიკის განვითარებამ, ადამიანთა ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ. წიგნიერება მუდამ ამშვენებდა ადამიანს და კვლავაც უნდა შეამკოს იგი. უწიგნურობით გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარი შენაძენი ვერ შეავსებს. ჩვენი პრობლემა სკოლაში წიგნების ნაკლებობაა, არ გვაქვს მხატვრული ლიტერატურა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს სოფელ სავანის საჯარო სკოლაში გაჩნდეს სამკითხველო სივრცე, რომელიც თანამედროვე წიგნებით იქნება აღჭურვილი და ბევრი მკითხველი გვეყოლება.