პროექტის მიზანია მოსწავლეების მიერ მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების უკეთ გაგება და გააზრება. ნებისმიერი დამოუკიდებელი დამკვირვებელი დაინახავს პროექტის შედეგს, თუკი უბრალოდ ამ ბავშვებს გაესაუბრება და ჰკითხავს, როგორ შეიცვალა მათი საგაკვეთილო პროცესი პროექტის განხორციელების შემდეგ.
ვცხოვრობ პატარა, მაღალმთიანი სოფელ ჩორჩანაში და 8 თვეა ვასწავლი ამავე სოფლის დაწყებით სკოლაში, რომელშიც სულ ოთხი კლასი და ცხრა თვალებ აციმციმებული მოსწავლეა. ამ პატარა ბავშვებს ყველაფერი უხარიათ, გაკვეთილზე შეტანილი ფერადი ფურცლებიც კი მათთვის დიდი მოტივაციაა. ჩვენი სკოლა მცირე კონტიგენტიანია და არ გვყოფნის ბიუჯეტი, რომ ელემენტარული საჭიროებების გარდა რაიმეთი გავიმრავალფეროვნოთ სასწავლო პროცესი. არადა, დაწყებით კლასში საინტერესო საუბრებზე მეტად, ლამაზი ნივთებით, თვალსაჩინოებებითა და თამაშით უფრო უკეთესად სწავლობენ ბავშვები. ჩვენ ისტორიულ სოფელში ვცხოვრობთ, დიდი იოანე (თორნიკე ჩორჩანელი) გაიზარდა ამ სოფელში და მთელი გულით მინდა, ჩვენმა სკოლამ მასავით ღირსეული ქართველები აღზარდოს და სკოლის პერიოდი ნათელ მოგონებებად დარჩეთ მეხსიერებაში. ისედაც რთულია სოფლის ბავშვების ცხოვრება. მათთვის სკოლაა ერთადერთი ნათელი წერტილი, სადაც მინდა, რომ ბევრი სიხალისე და სიფერადე ხვდებოდეთ. დარწმუნებული ვარ, დამხმარე რესურსების საშუალებით, ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის სწავლების პროცესი მათთვის საინტერესო და სახალისო იქნება, ხოლო მიღებული ცოდნა – უფრო მყარი.
ქალაქის და სოფლის სკოლების მიზნები, ვთვლი რომ განსხვავებულია. როდესაც სოფლის სკოლაში ასწავლი ხვდები, რომ ამ პატარა ადამიანებისთვის სკოლა არის ადგილი, სადაც გარდა სწავლისა, ერთობიან. ეს მათთვის ნათელი წერტილია. პროექტის მიზანია, მაღალმთიანი სოფლის მცირე კონტიგენტიანი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს სასწავლო პროცესი გავუმრავალფეროვნოთ, კონკრეტულად ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის სწავლება სახალისო და ადვილად აღსაქმელი გავხადოთ. დამხმარე რესურსების გამოყენების საჭიროება განსაკუთრებით დიდია ამ საფეხურზე მოსწავლეების განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით.