ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე უკვე 7 წელია მოქმედებს სამოქალაქო კლუბი. ამ დროის განმავლობაში ჩვენ არაერთი სასარგებლო პროექტი განვახორციელეთ. მიმდინარე წლის ივნისის მეორე ნახევარში გვქონდა საზაფხულო სკოლა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ჩაუტარდათ ორი თემატური შეხვედრა ხელნაკეთი ნივთების დამზადებაზე. საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ, უკუკავშირისა და რეფლექსიის დროს გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოეწონათ ეს პროცესი და მათ სურვილი აქვთ მომავალშიც გააგრძელონ ეს საქმიანობა. სწორედ ამიტომ გვსურს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მომავალი სასწავლო წლის დასაწყისიდან ვიმუშაოთ სოციალური მეწარმეობის მიმართულებით.
ინტერნეტსა თუ ტექნიკაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის გამო ბევრი მოსწავლე დარჩა განათლების მიღმა. ამავდროულად რეგიონში ხშირია სკოლის მიტოვება ნაადრევი შრომისა თუ სხვა ფაქტორების გამო. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას სამეწარმეო საქმიანობით, შესძენს მათ შესაბამის უნარებს და გაუჩენს სურვილს, რომ მეტი დრო გაატარონ სკოლაში.
გვსურს, გამოყოფილი ფინანსური რესურსით შევიძინოთ სხვადასხვა პირველადი ნივთები (ნაჭრები, ფერადი ძაფები,
მძივის მარცვლები, აკრილი, ხელსაწყოები და ა.შ.), რომლისგანაც ეტაპობრივად დავამზადებთ ეკომეგობრულ ჩანთებსა და სხვადასხვა ნივთებს. სოციალური მეწარმეობის პროექტში ჩართული მონაწილეები პარალელურად გაივლიან ტრენინგებს როგორც ნივთების დამზადების, ასევე სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. სკოლას მოხალისეობრივად ესტუმრებიან ტრენერები, რომლებიც მოსწავლეებს ასწავლიან: როგორ დაამზადონ მარტივად ლამაზი ნივთები, როგორ გახადონ მათი იდეა ცნობადი, როგორ დაუკავშირდნენ სხვადასხვა კომპანიებს და ა.შ.
• აკრილი
• ნაჭერი ჩანთებისთვის
• პოლიმერული თიხა და რამდენიმე ყალიბი
• მძივები, ფერადი ძაფები, სამაჯურები
• სილიკონი, სილიკონის ხელსაწყოები, ბრტყელტუჩა
• ფუნჯები
• ლაქი თიხის ნივთებისთვის